"გადალახე ბარიერი ჩემთან ერთად"

"გადალახე ბარიერი ჩემთან ერთად"

   2015 წლის ივნისი-ოქტომბრის თვეში ორგანიზაციამ „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხარდაჭერით განახორციელა საგანმანათლებლო პროექტი ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო ჩართულობისა და არჩევნებში მონაწილეობის გაზრდის მიზნით. პროექტის განხორციელება განაპირობა 18-25 წლების ახალგაზრდების თვალსაჩინოდ დაბალმა საარჩევნო აქტივობამ, განსაკუთრებით კი მათ შორის ყველაზე მოწყვლად ჯგუფს შშმ პირები წარმოადგენენ. ამ პრობლემაზე რეაგირების მიზნით და საჭირო მონაცემების შესაგროვებლად საწყის ეტაპზე ჩატარდა ფოკუს-ჯგუფები შშმ პირთა ორგანიზაციებთან, შშმ ახალგაზრდებან, სტუდენტებთან და მოსწავლეებთან ქალაქ ბათუმსა და ახალქალაქში. ამის შემდგომ კი დაიწყო საინფორმაციო და სოციალური კამპანია მოქალაქეთა ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით საარჩევნო მონაწილეობის საკითხებზე.

 

   ამისათვის ორგანიზაციამ რამდენიმე გზა გამოიყენა. ჩამოყალიბდა რეგიონალური ჯგუფები ბათუმსა და ახალქალაქში, შემუშავდა ინკლუზიური სასწავლო პროგრამები; გამოცხადდა ესეების კონკურსი ახალგაზრდებისათვის და საუკეთესო მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაეარათ სპეციალური ტრენინგ-მოდულები საარჩევნო ჩართულობისა და საზოგადოებრივი მონაწილეობის საკითხებზე. ახალგაზრდა ამომრჩევლები შეხვდნენ ადგილობრივი თვითმმართველობების და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს, ქალაქ ბათუმისა და ახალციხის მერებს. ასევე მათ აქტიური კონტაქტი დაამყარეს ადგილობრივ მედიასთან. პროექტის ფარგლებში მომზადებული სტატიები შეგიძლიათ იხილოთ აქ-„ოცნებიდან პასუხისმგებლობამდე“; „უცნობი მოძრაობის ისტორია“, „შეახსენე მერიას არცევნების თარიღი“. ასევე მომზადდა რამდენიმე სატელევიზიო სოციალური ვიდეო-რგოლი და აქცია-პერფორმანსი ქალაქ ბათუმში. პროექტის მიმდინარეობისას სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში გამოვლინდნენ აქტიური ახალგაზრდები, რომელთაც გამოხატეს მზაობა საკუთარი ინიციატივების განსახორციელებლად. მათ გამართეს პრეზენტაცია-დისკუსიები ახალციხის უნივერსიტეტსა და #1 საჯარო სკოლაში, ასევე შედგა ფორუმ-თეატრი ახალციხის ბიბლიოთეკაში და ფილმების ჩვენებები. ბათუმის რეგიონალურმა ჯგუფმა კი პროექტის ფარგლებში საკუთარი ვებსაიტიც შექმნა.

 

   პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია შედგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 25 ოქტომბერს. პროექტმა შექმნა მნიშვნელოვანი პრეცედენტი საზოგადოების სხვადასხვა აქტორს შორის თანამშრომლობისა. პროექტის ჯამურმა ბიუჯეტმა შეადგინა 58 762 ლარი.